უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ტყის, დაცული ტერიტორიების, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში – სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს გადაეცემა.
„კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს – ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი, სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე განკარგონ. ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.