ევროკავშირში ფრენისას მგზავრები ტელეფონების სრულყოფილად გამოყენებას შეძლებენ
ევროკავშირის ქვეყნებში თვითმფრინავში ტელეფონის “ფრენის რეჟიმზე” გადართვა სავალდებულო აღარ იქნება და მგზავრები ტელეფონების სრულყოფილად გამოყენებას შეძლებენ.
BBC-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავიაკომპანიებს 5G ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური კავშირის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს ტელეფონის “ფრენის რეჟიმზე” გადაყვანა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ ტელეფონით ფრენის დროს სრულყოფილად ისარგებლონ, მათ შორის დარეკონ, გამოიყენონ ვიდეო და აუდიო სტრიმინგ-სერვისები და სხვა.
შიდა ბაზრის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, ტიერი ბრეტონის თქმით, სიახლის მეშვეობით, მგზავრები ინოვაციურ მომსახურებას მიიღებენ, ამავე დროს ეს კომპანიებს განვითარებაში დაეხმარებათ. ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს ბორტზე ტექნოლოგიის უზრუნველყოფის ბოლო ვადად 2023 წლის 30 ივნისი დაუწესა.