სოფელ ზინობიანში, უდიების საქართველოში დასახლების 100 წლისთავი აღნიშნეს- ფოტოები
სოფელ ზინობიანში გაიმართა ფესტივალი, რომელიც კავკასიის ალბანელთა შთამომავლების – უდიების საქართველოში დასახლების 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
აღნიშნული ღონისძიება ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების” ორგანიზებით, ყვარლის კულტურის სახლის მხარდაჭერით, ,,ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის”, თელავის მე-4 საჯარო სკოლის და ადგილობრივების მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიებას, სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის, სახალხო დამცველის ოფისის, ,,კავკასიური სახლის”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Agile პროგრამის და ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” არსებული ,,სოლიდარობის პლატფორმის” წარმომადგენლები.
უდიების ერთი ნაწილი საქართველოში აზერბაიჯანიდან (ისტორიული სამშობლოს – კავკასიის ალბანეთის ტერიტორიიდან) 1922 წელს, ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით გადმოსახლდა. ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე უდიებით დასახლებულ სოფელს მის საპატივცემულოდ – ზინობიანი ეწოდება.