ვინ ისარგებლებს თელავის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას შეღავათებით
თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება.
აღნიშნულ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ამოქმედება.
,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს მიეკუთვნებით და გსურთ, ისარგებლოთ 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, გთხოვთ, რეგისტრაციის მიზნით, 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, მიმართოთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ოფისებს ქალაქ თელავში:
აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – რუსთაველის N73
ალაზანი – კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული – ალაზნის გამზ.N 14
დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ერეკლე II-ის გამზ. N 16
ხოლო სოფლად მაცხოვრებლებმა მიმართეთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციისათვის ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0(350) 27 23 00. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.