იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება
1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.
შესაბამისი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება.
მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.