ახალი ამბები

2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია დაიწყება

2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერები იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში ჩაერთვებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ/მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ.

ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ.

სააგენტოში ამბობენ, რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის დანერგვას, რაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს; ასევე, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ და ისარგებლონ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეუფერხებლად მოახდინონ მისი რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.