გურჯაანში არსებული ერთადერთი სამშობიარო დაიხურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა.
გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.
სამშობიარო “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე მსჯელობდა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახმად, სამშობიარო სახლის ბაზაზე შეიქნება მძლავრი პედიატრიული განყოფილება, სადაც მიმართვიანობა შედარებით მაღალია.
“ამ ეტაპზე სამეანო განყოფილება არის დახურული. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა მშობიარობების რაოდენობა, პარალელურად მოიმატა პედიატრიული პაციენტების რაოდენობამ. გადაწყდა, რომ შეიქმნას ძლიერი პედიატრიული სამსახური, რომელსაც მხარდაჭერა ექნება თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან. აქამდე ბავშვები სტაციონარში იწვნენ ხოლმე ასაკიან პაციენტებთან ერთად, მათთვის ცალკე განყოფილება შეიქმნება“- თქვა გელა ორველაშვილმა.
გურჯაანიდან ყველაზე ახლოს, დაახლოებით, 40 კილომეტრში თელავი, ხოლო 45 კილომეტრში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია, სადაც სამშობიარო განყოფილებები ფუნქციონირებს. გურჯაანიდან პაციენტების ნაწილი, სავარაუდოდ, ამ მუნიციპალიტეტებს მიაშურებს. ცნობისთვის, დაახლოებით 6 წელია სამშობიარო სახლი არ ფუნქციონირებს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც.
Pingback: რეგიონული ამბების დაიჯესტი/JAMnews