ახალი ამბები

საქართველოში 250 700 უმუშევარია – საქსტატი

საქსტატის 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, 15.6%-მდე შემცირდა.

უფრო დეტალურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით (6%) გაიზარდა და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობამ 25.8 ათასით (6.2%) მოიმატა და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი იყო.

2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი – 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11%) შემცირებული.

ივლისი-სექტემბერში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5% იყო, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მაჩვენებელმა 45.2% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (1.8 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.8 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 45.4% და 44.9% შეადგინა.

III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3% შეადგინა.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წლიურად შემცირდა, შესაბამისად 4.8 და 2.7 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.2 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4%-ს, ხოლო კაცებში 65.3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად, 2.4 და 3.2 პროცენტული პუნქტით.