თელავის ტექნოპარკში ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ თელავის ტექნოპარკში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა, პროდიუსერმა გიორგი ნაზარიშვილმა და მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს: როგორ ვებრძოლოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას? რომელი 12 ნაბიჯია გადასადგმელი სტატუსის მოპოვების გზაზე და რა როლი აქვთ მოქალაქეებს ამ პროცესში? რა შეიძლება შეცვალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებამ და რაზე მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება?
შეხვედრამ კითხვა- პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
,,როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ თელაველ ახალგაზრდებთან ცოცხალი დისკუსიის ფორმატში ჩაიარა. იმედის მომცემია საუბარი მათთან ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ევროკავშირში გაერთიანების სურვილსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ფოლკლორის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ევროკავშირი. ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა კი საკუთარ მაგალითზე განიხილა მოსწავლეებთან, თუ რა ნაბიჯებს გადის სტუდენტი ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვებისთვის”,- აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლები.