სოფელ ჭიაურის მიტოვებულ კლუბში ფილმის ჩვენება გაიმართება
KSELI • ქსელი – ის ქართული ფილმების კვირეულის ფარგლებში, 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, მიტოვებულ კლუბში ფილმის ჩვენება გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება უტა ბერაიას ფილმი ,,უარყოფითი რიცხვები”.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭიაურს საინტერესო ისტორია აქვს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იქ ევროპიდან ევაკუირებული ებრაული თემი სახლობდა. სოფელში დღემდეა შემორჩენილი ებრაული სასაფლაო და მათი ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები.
საბჭოთა პერიოდში კი ჭიაურის კლუბში, რომელიც არქიტექტურული თავისებურებით არის გამორჩეული, ხშირად იმართებოდა საცირკო წარმოდგენები და კინოჩვენებები. 90-იანი წლებიდან სივრცეში კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები აღარ იმართება. შენობის დიდი ნაწილი გამოუყენებელია, ხოლო ნაწილი კრივის და ცეკვის სასწავლო სივრცედაა გადაქცეული.
ფოტო: KSELI • ქსელი