როდის დაიწყება კურორტ ახტალას სარეაბილიტაციო სამუშაოები
კურორტ ახტალას რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
როგორც knews.ge-ს ახტალას დირექტორმა გოგა უტიაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაციამდე ჩასატარებელია სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაოები, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს.
,,დაგეგმილი სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება. ამ დროისთვის სხვადასხვა სახის კვლევითი და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დამსვენებლებს, დავასრულეთ სეზონი და მომავალი სეზონისთვის ვემზადებით”,- განუცხადა Knews.ge-ს გოგა უტიაშვილმა.
როგორც კურორტ “ახტალას” მფლობელი ინვესტორი კომპანია ,,გლობალ ვიქთორი ჯორჯიას’’ იურისტი ლია ჩიხლაძე განმარტავს, დაგეგმილია, რომ რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლამდე დასრულდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის ინვესტორები მშენებელი კომპანიის ძიების პროცესში არიან.
“კურორტის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია, საძირკველი, წყლის სისტემა და კანალიზაცია გაკეთებულია თუმცა სასტუმროს მშენებლობის დაწყება, შეფერხებულია. მშენებელმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, უარი თქვა და ამ ეტაპზე მშენებელი კომპანიის ასარჩევად კონკურსია გამოცხადებული. პირველ ეტაპზე გადავადება “კოვიდის” პერიოდში მოვითხოვეთ და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. 2024 წლამდე ყველაფერი მოესწრება”, – აცხადებს ლია ჩიხლაძე.
აღსანიშნავია, რომ კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლამდე გადავადება მოსთხოვა, მიზეზად პანდემია დასახელდა. კურორტ ახტალას რეაბილიტაციის პროექტი 120-ნომრიან სასტუმრო კომპლექსის, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზების, რესტორნების, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ცენტრის და სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას მოიაზრებს.
ადგილობრივების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისე განახორციელოს საქმიანობები, რომ მათ დასასვენებელი პარკით სარგებლობის უფლება არ შეეზღუდოთ.
,,ეს არის გურჯაანში ერთ-ერთი თავშეყრის და დასვენების ადგილი. კარგი იქნება თუ დროულად განხორციელდება პროექტები, მშენებლობები და ამ პროცესის გამო იმედია, რომ არ შეგვეზღუდება დასასვენებელი პარკით სარგებლობის უფლება. ძალიან კარგი იქნება თუ ახტალის პარკი და კურორტი უფრო გალამაზდება და დაიტვირთება”,- განაცხადა გურჯაანში მცხოვრებმა ლევან ხელაშვილმა.