ახალი ამბები

საგზაო უსაფრთხოებისთვის, კახეთში ზოგადი ხედვის და ნომრის ამომცნობი 470 ვიდეო კამერაა დამონტაჟებული

დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 6222 ვიდეოკამერა, მათ შორის 1948 ნომრის ამომცნობი, ხოლო 4274 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. აქედან 470 კამერა განთავსებულია კახეთის რეგიონის გზებზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ე.წ. „ჭკვიანი” ვიდეოკამერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, დანაშაულისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ეფექტური პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ავტომატიზებულ რეჟიმში ამოქმედდა „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების სისტემა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ავტომატურად დააფიქსიროს 5 ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ:

შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა;
მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება.

სექციური სიჩქარის კონტროლი

სექციური სიჩქარის კონტროლი გულისხმობს, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საშუალო სიჩქარის განსაზღვრას. დღეისათვის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედებულია 375 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1484 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა.

ზოგადი ხედვის ვიდეოკამერები

იმ ლოკაციებზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო შეუძლებელია ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დიფერენციაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფიქსაცია ხორციელდება ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების გამოყენებით, ცენტრის ოპერატორების მიერ.

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არმქონე ავტომობილების ფიქსაცია

2019 წლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბაზაზე დანერგილი პროგრამული სერვისის საფუძველზე ხდება იმ ავტროსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაფიქსირება, რომელთაც არ გაუვლიათ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. აღნიშნული სისტემის საშულებით, ამოცნობილი ყოველი სანომრე ნიშნის გადამოწმება ავტომატურად ხორციელდება შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან და დარღვევის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აფიქსირებს სამართალდარღვევას. აღნიშნული სამართალდარღვევა ფიზიკური პირებისათვის ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარის ოდენობით.