ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა.
ბიუჯეტის პროექტში ძირითად პრიორიტეტებად, წინა წლების მსგავად, კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება რჩება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 15 ნოემბერისა.

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულომ 25 ნოემბრამდე ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს, რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს 10 დეკემბრამდე წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის მომზადება ზაფხულიდან დაიწყეს. სპეციალური კითხვარების მეშვეობით მოსახლეობისგან იგებენ არიან თუ არა კმაყოფილები წინა წელს შესრულებული სამუშაოებით.
მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, ჯამში 32 მლნ. ლარით განისაზღვრება.

,,ზაფხულიდან ვიწყებთ პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობას მოსახლეობასთან. ამავე დროს, ვმუშაობთ მერიის სხვადასხვა სამსახურებთან, ააიპ-ი ირგანიზაციებთან, დგება სავარაუდო ბიუჯეტი, რომელსაც განიხილავს კომისია და აფასებს რამდენად მისაღები და განხორციელებადია ის.

2023 წლისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში საკმაოდ დიდი თანხაა განსაზღვრული. 10 მილიონამდე ავედით. მთლიანად, მიზნობრივად 32 მილიონამდეა ჩვენი ბიუჯეტი. საბოლოო ვარიანტზე ვმუშაობთ და ხვალ საკრებულოში გავაგზავნით განსახილველად.
ვფიქრობ, რომ ახალი ორგანიზაციული კოდით გამოვა გენდერზე მომუშავე ჯგუფისთვის ხარჯვითი ნაწილი, ჯერ სავარაუდო ციფრი არ აქვს“.

ბიუჯეტის პროექტზე აქტიურად მუშაობენ დედოფლისწყაროს მერიაშიც. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, აქაც ძირითადი პრიორიტეტები უცვლელია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც ძირითადად, სოციალური პროგრამების მრავალფეროვნებას და მცირეწლოვნებზე მორგებულ პროექტებზე დაიხარჯება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ ეტაპზე მისი ბიუჯეტური ნაწილი დაზუსტებული არ არის.

,,მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს, ინიციატივებს ვაგროვებთ როგორც სოფლის პროგრამების დროს შეხვედრებზე, ასევე თემატურ შეხვედრებზე ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან. ძალიან აქტიურად მუშაობს მრჩეველთა საბჭო, ასევე შშმ პირთა მრჩეველთა საბჭო, გვაწვდიან ინიციატივებს, ხდება მათი ხედვების ასახვა ბიუჯეტირების პროცესში. ვმუშაობათ სამოქალაქო სექტორთან, მაგალითად როგორიც არის ლაგი. ასევე, ქალთა სათემო კავშირებთან ვმუშაობთ აქტიურად“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, გიორგი მანგოშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტები იგივეა, რაც წელს.

,,ამ ეტაპზე გვაქვს ზოგადი მონაცემები, მიმდინარეობს დაზუსტებები ყველა სფეროში. კანონმდებლობიდან გამომდინარე, 15 ნოემბრამდე საკრებულოს წარედგინება ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი, განიხილავს საკრებულო და დააბრუნებს რეკომენდაციებით ან მის გარეშე, არაუგვიანეს 10 დღისა.
ამ ეტაპზე, ბიუჯეტის პროექტში სიახლე არ გვაქვს. მუნიციპალიტეტში არის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელიც არ იცვლება, თუმცა ღონისძიებები შეიძლება გადახალისდეს. ჩვენი პრიორიტეტებია: სოციალური, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი და, ინფრასტრუქტურის სფეროები“.

რაც შეეხება თელავს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, საკრებულომ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ინიციატივების შემუშავება.

,,ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინიციატივაზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყველა ფენის ცხოვრების ხარისხი და პირობები გაუმჯობესდეს და ფრაქციის ერთ-ერთი ინიციატივაც სწორედ ამას ეხება.
გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციურ ფრაქციასაც აქვთ ინიციატივები, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
მე იმედი მაქვს, რომ თელავის მუნიციპალიტეტს მომავალ წელს ექნება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენის პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული“.