არასათანადო რეკლამის განთავსებაზე მიდგომა მკაცრდება
არასათანადო რეკლამის განთავსებაზე მიდგომა მკაცრდება. აღნიშნულს ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ფულადი სანქცია განისაზღვება ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტზეც.
უფრო კონკრეტულად, კანონის მოქმედი რედაქციით, არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, იურიდიული პირები და დაწესებულებები კი განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით ჯარიმდებიან.
რაც შეეხება კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს, კანონპროექტის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დაკისრებული ჯარიმის (ზედა აბზაცში მითითებულია ჯარიმის ოდენობა დარღვევის 1-ელ შემთხვევაზე) ორმაგი ოდენობით.