ინტერვიუ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის დედასთან
გასულ თვეს თელავში, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა, მეუღლემ განსაკუთრებული სისასტიკით, ბავშვების თვალწინ მოკლა. თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ჩადენილს ნანობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს არის დაგეგმილი.
knews.ge-მ გარდაცვლილის დედასთან, ლელა გამტკიცულაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. მისი თქმით, მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა გოგონაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მისი თქმით, ის ხშირად ითხოვდა დახმარებას, თუმცა პოლიციას წლების განმავლობაში არ მიმართა.
,,მკვლელობაში ბრალდებული მარიამის მეუღლე იყო, თუმცა ამბობდნენ, რომ არ იყო. როცა მარიამმა გადადგა ნაბიჯი და მას გაჰყვა ცოლად, მითხრ,ა რომ ამ პიროვნების გვერდით აპირებდა ცხოვრებას. სულ ერთად იყვნენ, ყველგან ერთად დადიოდნენ, ბავშვებთან ერთად სოფელში მიყავდა ხოლმე.
მოძალადეა, სისტემატურად ძალადობდა მარიამზე, სულ სცემდა უმიზეზოდაც კი. მაქვს ბევრი ფაქტები ფოტოები, მიწერ-მოწერები, როგორ მთხოვდა დახმარებას, რომ სცემდა და მივსულიყავი და მივხმარებოდი. ბევრჯერ დალურჯებული მოსულა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. სცემა და ყელი გამოსჭრა. ექიმმა მითხრა, რომ თავის არე ისე იყო დაზიანებული, 30 ნაკერი დაადო და მეტი ვეღარ შევძელიო”,- განაცხადა გოგონას დედამ.
მარიამ გამტკიცულაშვილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ბებიასთან არიან. ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს.
,,დღეს სამივე ბავშვზე მე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ორი სკოლის ასაკის არის და პირადად მე მივყვები და მოვყვები ბავშვებს სკოლაში, რადგან მეშინია რამე არ მოხდეს. ისედაც დიდი სტრესი გადაიტანეს და სკოლაც გააცდინეს, არ მინდა კიდევ გაგრძელდეს ასე. ვცდილობ მშვიდი გარემო შევუქმნა. გარდა ამისა, მათთან სპეციალურად კვირაში რამდენიმე დღე მუშაობენ ფსიქოლოგები. მე მათ საკეთილდღეოდ ყველაფერს გავაკეთებ და მათი დატანჯვის უფლებას არავის მივცემ.”
გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მარიამს ბევრი ოცნება და სურვილები ჰქონდა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, თუმცა არ დასცალდა.
,,ბავშვების ხელში ვერ მუშაობდა, თუმცა ნატრობდა სულ სამსახურზე. ყველაზე მეტად უნდოდა სახლი, რომ საკუთარი ჭერი ჰქონოდა”,- განაცხადა ლელა გამტკიცულაშვილმა.
ოჯახი მარიამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცის სრული სიმკაცრით დასჯას და მისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
,,იმ დღისით, როცა დააკავეს ძალადობისთვის, 112-ში მარიამმა დარეკა თავისი ხელით, მანამდე არ იმეტებდა მიუხედავად იმისა სულ სცემდა. რომ დააკავეს მარიამი ამბობდა, სადაც არ უნდა ვიცხოვრო არ მომასვენებსო. გასაქანს არ აძლევდა სულ უკან დასდევდა.
ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ჩემზე კარგად არავინ იცის. გეგმავდა აქედან წასვლას სამ შვილთან ერთად, ამბობდა ლტოლვილად ჩავბარდებიო და ვერ მომძებნისო. საბუთებს აკეთებდა და ბილეთების დაჯავშნას გეგმავდა.
მას გასამართლებაც არ უნდა, აუცილებლად უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. მაშინ გირაოს სანაცვლოდ რომ არ გამოეშვათ, მარიამი დღეს ცოცხალი იქნებოდა და უცხოეთში იცხოვრებდა.
რომ ამბობენ მარიამმა მოითხოვა ის ბიჭი გაენთავისუფლებინათო, რადგან მარჩენალი იყო ოჯახისო, ეს არის ტყუილი. ის არ მუშაობდა და არც ინახავდა. აქეთ იყო მის კმაყოფაზე.
სულ იმას ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ოჯახური ძალადობის გამო იმ ბიჭის დაჭერის შემდეგ, მისმა ბიძამ გასაქანი არ მისცა მარიამს, ხვდებოდა და ესაუბრებოდა. უნდოდათ საჩივრის გამოტანა უკან. მოვითხოვ იმ მკვლელს სამუდამო მისცენ და მის გათავისუფლებაში პასუხოსმგებლობა ვისაც აქვს ისიც უნდა დაისაჯოს.”
გოგონას და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი იცავს. ადვოკატი მარიამ ზურაბაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
“მოსამართლე ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეესწავლა საქმე და შეეფასებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მიზანშეწონლობა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი და მოსამართლეს უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, რაც უზრუნველყოფდა ქალის სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 25 წლამდე თორნიკე გამხვეტელაშვილმა 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი შვილების თვალწინ სასტიკად მოკლა. თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღესაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ, ჩვენი დაშორების დავლიოთო. მეთქი, კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა.
მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი, იმასაც ვნანობ. ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით”, – ამბობს თორნიკე გამხვეტელაშვილი.