ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნებას 14 დღის ვადაში შეძლებთ – კანონის აღსრულება იწყება
დღეიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება იწყება. პასუხისმგებელი უწყება, რომელიც მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა.
უწყებამ უკვე აამუშავა ცხელი ხაზი, მომხმარებლებს კი დარღვევებზე განცხადების შევსება შეუძლიათ.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ონლაინ შოპინგისას ნივთის დაბრუნების 14-დღიანი წესი მოქმედებს. შესაბამისად, ყველა ტიპის ონლაინ მაღაზიას, მათაც ვისაც სოციალურ ქსელებში, მაგალითად Instagram-ზე, facebook-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე გამოწერის გვერდები აქვთ, კანონი ავალდებულებს, რომ მომხმარებლის მიერ დაწუნებული ნივთი ორი კვირის ვადაში დაიბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, სააგენტო კი გონივრულ ვადებში განიხილავს საჩივარს. პირველ ეტაპზე მაღაზიას მისცემს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში მეწარმე გასული ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ კანონი არ გავრცელდება მალფუჭებად, ჰერმეტულად შეფუთულ და დაზიანებულ პროდუქციაზე. ასევე, არ ვრცელდება სავაჭრო ცენტრებსა და სხვა მაღაზიებზე.
ამასთან, დღეიდან ყველა ონლაინ მაღაზიას აქვს ვალდებულება, რომ თავიანთ პლატფორმაზე, ნივთის დაბრუნების პროცედურის მოკლე ინსტრუქცია განათავსოს. დასაბრუნებელი ნივთის ღირებულება 30 ლარს უნდა აღემატებოდეს.
კანონი ნივთის დაბრუნებას საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც ითვალისწინებს. მაღაზიებში ნივთის შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქცია 6 თვეში უკან დააბრუნოს, მტკიცების ტვირთი კი მაღაზიას ეკისრება.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ძალაში 1 ივნისს შევიდა, აღსრულების მექანიზმი კი დღეიდან ამოქმედდა.