თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს
თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი მოსამართლე მამუკა წიკლაურის დასჯას და ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვენ. გოგონას დედა ლელა გამტკიცულაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ რისკები სწორად ვერ შეაფასა და ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მან კი გათავისუფლებიდან 2 დღეში გოგონა სასტიკად სცემა და მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ყელი გამოჭრა.
,,ვითხოვთ მოსამართლის გადადგომას და შემდეგ მის დასჯას, რადგან სწორედ მან გამოუშვა გირაოს სანაცვლოდ პირი, რომელმაც ჩემი შვილი, 3 ბავშვის დედა მოკლა. ახლა სამი ბავშვით მარტო ვარ დარჩენილი, მაგრამ არ გავჩერდები, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. იმ კაცს კი რომელმაც ჩემი მარიამი მოკლა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მას ბევრი ადამიანი ყავს გამწარებული და მეშინია ბავშვებსაც რამე არ დაუშავოს. გარდა ამისა, მოვითხოვთ მეტი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამ საქმით და გვერდით დაგვიდგნენ ”,– განუცხადა knews.ge-ს ლელა გამტკიცულაშვილმა.
მარიამის დედა ასევე აცხადებს, რომ გოგონას 3 შვილი დარჩა, რომლების გაზრდაც მან საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, ამ დროისთვის ბავშვები მასთან არიან და მათთან ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ყველა პირი, რომელიც შემჩნეულია ან ჩაიდენს დანაშაულს და იძალადებს ქალზე ან ოჯახის სხვა წევრზე, მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
,,ოჯახებში გვყავს დედა, ცოლი, შვილი და ასეთი ადამიანები ყოველთვის საშიში არიან ყველასთვის, საზოგადოების ყველა წევრისთვის. არ ვიცნობ გარდაცვლილის ოჯახს, არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ რომ გავიგე, მოვედი და შევუერთდი აქციას. ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს, კანონი მთელი სიმკაცრით უნდა სჯიდეს ყველას, ვინც ქალზე იძალადებს”,– განუცხადა Knews.ge-ს აქციის მონაწილემ დიმიტრი სოლომნიშვილმა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ჩადენილს ნანობს.
„მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღესაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ, ჩვენი დაშორების დავლიოთო. მეთქი, კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.
სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი, იმასაც ვნანობ. ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით”, – ამბობს თორნიკე გამხვეტელაშვილი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელსაც თელავში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ედება ბრალად, 4 ოქტომბერს, ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, რასაც საბოლოოდ მკვლელობა მოჰყვა.
გოგონას და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი იცავს. ადვოკატი მარიამ ზურაბაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
“მოსამართლე ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეესწავლა საქმე და შეეფასებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მიზანშეწონლობა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი და მოსამართლეს უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, რაც უზრუნველყოფდა ქალის სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა ადვოკატმა.