სიღნაღში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სიღნაღში მომხდარ მლვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
knews.ge-ს ინფორმაციით, სოფლების ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ურთიერთშელაპარაკება თავდაპირველად ძმებს შორის დაიწყო. 35 წლამდე ქალმა კი რომელიც მათი და იყო, მამაკაცების გაშველება სცადა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ სიღნაღში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი.
,,ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს”,- აცხადებენ სამინისტროში.