ახალი ამბები

რა არის ვაქცინა და რას შეიცავს კოვიდვაქცინები

რა არის ვაქცინა და ვაქცინაცია ? 

ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. როგორც წესი, ვაქცინა შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლულის ან შესუსტებული ფორმებისგან. აგენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა ეს აგენტი საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს და შემდეგში ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს. ვაქცინა შეიძლება იყოს პროფილაქტიკური ან თერაპიული.

ხოლო ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ვაქცინაციის შედეგად მიღებულმა საყოველთაო იმუნიტეტმა მსოფლიო მასშტაბით ამოძირკვა ინფექციური დაავადება ყვავილი და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მნიშვნელოვნად შეზღუდა ისეთი დაავადებები, როგორებიც არის პოლიემილეტი წითელა და ტეტანუსი. ვაქცინაციის ეფექტიანობა ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებული;  მაგალითად, ეფექტიანობა დაამტკიცეს ისეთმა ვაქცინებმა, როგორებიცაა გრიპის ვაქცინა. 

რაც შეეხება კოვიდვაქცინაციას, იხილეთ ვიდეო, სადაც შშმ პირის მშობელი და თავად ქრონიკული დაავადების მქონე პირი გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით :

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები: 

არსებობს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ტიპები : 

ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან, არ შეიცავს ანტიგენებს (COVID-19-ის სპაიკცილას). სპაიკცილა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა, როგორც უცხოს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.

ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის” შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას.

სწორედ ეს ანტისხეულები იცავს ორგანიზმს მომავალში COVID-19-ით ინფიცირებისა და დაავადებისაგან. ვაქცინაციის შემდგომ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. დროებითი გვერდითი მოვლენები პროცესის ბუნებრივი ნაწილია, ეს არის მანიშნებელი, რომ ვაქცინა მუშაობს.

ასევე არსებობს მ-რნმ ვაქცინები:

მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება.

სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.

ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.

ინაქტივირებული ვაქცინები, რომლებიც ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული. ისინი შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად, იყოფა ორ ძირითად ტიპად – სრულუჯრედიან და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს.

აუცილებელია იცოდეთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც სავსებით ნორმალურია და მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი დამცველობით უნარს აძლიერებს. გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მოვლენები რამდენიმე დღეში გაივლის. ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ უვითარდება.

აქტივობა მომზადებულია მედია ცენტრი კახეთის-მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. This (activity/survey/etc.) is carried out by MCK within the framework of the project “Vaccination4Georgia” implemented by Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH in partnership with Georgian Center for Strategy and Development. The project is funded by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ)