მანქანის პირველადი რეგისტრაციის საფასური თითქმის სამმაგდება
ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის საფასური თითქმის სამმაგდება.
ცვლილება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარის ნაცვლად 100 ლარით განისაზღვრება.
იზრდება ასევე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის საფასური. პროექტის მიხედვით, ერთი წყვილი ნომრის გაცემის საფასური 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება. ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით პარათში წერია, კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ. ლარი, რაც მოხმარდება, როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქცონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
იმ შემთხვევაში თუ, პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საფასური 2023 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება. კანონში შესატანი ცვლილების ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი ფინანსთა სამინისტრო.