ახალი ამბები

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობის გამო რამდენიმე ათეულ მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში, ქალაქ წნორში, სოფელ ანაგასა და ვაქირში მდებარე: ალექსანდრე ნადიკაშვილის, გიორგი ნადიკაშვილის, ლევან ნადიკაშვილის, მაია ცაბუტაშვილის, ეკატერინე მენთეშაშვილის, კახა მენთეშაშვილის, ლევანი მენთეშაშვილის, მარიამ მენთეშაშვილის, ნანა მენთეშაშვილის, ნინო მენთეშაშვილის, რობერტ მენთეშაშვილის, რობერტი მენთეშაშვილის, ქეთევანი მენთეშაშვილის, შალვა მენთეშაშვილის, ხათუნა მენთეშაშვილის, თეონა ქიტიაშვილის, ლეილა ფოლადაშვილის, ელვირა მემარნიშვილის, ზაზა ფხოველიშვილის, არჩილ მჭედლიშვილის, ნანული თამაზაშვილის და ეთერ შოშიაშვილის, ვასილ შოშიაშვილის, ლიანა შოშიაშვილისა და მარიამი შოშიაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალებიში და სოფელ ბაკურციხეში მდებარე თამარი ხელაშვილის, ივანე ხელაშვილის, ლალი ხელაშვილის, მარი ხელაშვილის, ნიკა ხელაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ასევე ეკატერინე ტორიაშვილის, კონსტანტინე ბერიძიშვილის, მაკა ბერიძიშვილის, ნელი ბერიძიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე.

შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.