თელავის ცენტრში ,,მუზას” ქანდაკების მონტაჟი მიმდინარეობს-ფოტოები
ქალაქ თელავის ცენტრში, ,,მუზას” ქანდაკების მონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ქანდაკების ხელახლა დადგმა მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. უწყებაში აცხადებენ, რომ მანამდე ლევან ანდრიაშვილს მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა.
,,მუზას ქანდაკების ხელახლა განსათავსებლად 35 000 ლარი დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყველა დეტალი შეთანხმებულია ავტორთან. ამას ითხოვდა მოსახლეობას და მერის ინიციატივით ეს განხორციელდა. ქანდაკება ისევ ძველ ადგილას განთავსდა”,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
აღსანიშნავია, რომ ,,მუზას” ქანდაკების დაბრუნებას თელაველები თითქმის 10 წელია ითხოვდნენ. აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თელავი ჩემი ქალაქია” ხელმოწერებიც შეაგროვა.
,,ჩვენი ორგანიზაციის წევრია ვაჟა ყაჯრიშვილი, რომელიც ხელმოწერების შეგროვების ორგანიზებაშიც მონაწილეობას იღებდა. ის ასევე დაუკავშირდა ამ ძეგლის ავტორს და უშუალოდ ქალაქის მერს შეახვედრა. ისაუბრეს ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით. მეც პირადად შევხვდი თელავის მოსახლეობას და ხელმოწერები შევაგროვე. კითხვას ვუსვავდი ქუჩაში გამვლელს და ყველა იყო თანახმა ძველ ადგილას დაედგათ ძეგლი, რომელიც ადრე ყველას უყვარდა. ასე შეგროვდა ხელმოწერებიც”,- განუცხადა Knews.ge-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ ბოტკოველმა.
ქანდაკების ქალაქში ხელახლა განთავსებას ადგილობროვების გამოხმაურება მოყვა. მათი თქმით, ის ქალაქის სავიზიტო ბარათია.
,,ეს ქანდაკება ასოცირდება თელავთან, თელაველებთან და ძალიან გვიყვარს. სულ ვფიქრობდით სად იყო აქამდე გადატანილი და როგორ მდგომარეობაში იყო. გვიხარია, რომ ხელახლა დადგავენ და გვექნება მისი ნახვის საშუალება ნებისმიერ დროს”,- განაცხადეს ადგილობრივებმა.
ქანდაკება თელავში xx საუკუნის 80-იან წლებში დაიდგა. ქალის ქანდაკებას, რომელსაც ვაზი ქონდა დახვეული და მტევნები ეკავა, ,,ვაზის ყვავილობა” დაარქვეს. ძეგლი 2012 წელს მოხსნეს და ე.წ. აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის ეზოში გადაიტანეს.