ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთი პოლონურ – ქართულ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

თელავში, სასტუმროში “ზუზუმბო რეზორტი & სპა” პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი იმართება.

ფორუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს პრეზენტაციები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე.

ფორუმის მიზანია თითოეული რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.
პოლონურ – ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მხარდაჭერით იმართება.

ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის “საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება” ფარგლებში. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება ინვესტორებთან კომუნიკაციის, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით.