18-19 ოქტომბერს კახეთი პოლონურ-ქართულ საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს
18-19 ოქტომბერს კახეთის რეგიონი პოლონურ-ქართულ საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება თელავში იმართება.
ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მხარდაჭერით იმართება.
ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის “საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება” ფარგლებში. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება ინვესტორებთან კომუნიკაციის, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით.
ფორუმის მიზანია, რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვაში.
ფორუმის ფარგლებში, რეგიონებს და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი მხარეს საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და კახეთის საპილოტე რეგიონების, ასევე, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საწარმოების წარმომადგენლები.
ფორუმის განმავლობაში მოეწყობა რეგიონული კუთხეები, სადაც იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და კახეთის მეწარმეები წარადგენენ ადგილობრივ პროდუქციას.