ახალი ამბები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს ჩატარდება

22 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება ჩატარდება.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს.

ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში შემდეგი ლოკაციები დაგხვდებათ: მეღვინეობის, კულინარიული, მეწარმეების, ეთნო და თათარაობის სივრცეები, ღვინის ბარი, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული აქტივობები და სხვა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხირდანაც დიდია – წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება,“ –აღნიშნეს საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Gროოვე Pოსსესსიონ, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია მ². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.