ახალი ამბები

afterschool.ge- სოფელ აფენში მცხოვრები მოსწავლეების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი პლატფორმა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პლატფორმა_ afterschool.ge შექმნეს, რომელიც სამიზნე ჯგუფებს დროის სასარგებლოდ და საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება.

ახალგაზრდებმა ცოტნე ცნობილაძემ და სანდრო კვიჟინაძემ ასევე გუნდი, ,,ახალგაზრდა დეველოპერებიც” შექმნეს.

აფენის სკოლის მოსწავლე, სანდრო კვიჟინაძე აცხადებს, რომ აღნიშნული იდეა გარდა პლატფორმისა, ასევე სკოლაში კინო კლუბის შექმნასაც ითვალისწინებს.

სანდრო აცხადებს, რომ ეს ახალგაზრდებს დროის სასიამოვნოდ გატარებასა და ერთმანეთთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მისივე განმარტებით, გარდა ამისა, არაფორმალური გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გაძლიერებას.

,,ჩვენი იდეაა არასაგაკვეთილო დროს სკოლაში კინო კლუბის ჩამოყალიბება,. რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებას შორის კომუნიკაციის დამყარებას, ასევე თემში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინტერესის გაღვივებას, ფილმების მეშვეობით.

ამ იდეის გაჩენის მიზანი იყო თემში არსებული პრობლემა, რომ არანაირი გასართობი სივრცე არ არის. არაფორმალურ გარემოში შეკრება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა ნაკლები დრო გაატარონ სახლში, თავისუფალ დროს გამოიჩინონ ინიციატივა, დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოხალისეობრივი უნარჩვევების განვითარებას.

ისინი, ასევე, შეეჩვევიან კომუნიკაციას ერთმანეთთან. გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის გამო, საზოგადოება სახლში ჩაიკეტა და სოციალური ურთიერთობები გახდა მეორეხარიცხოვანი. ასევე, ჩვენ გვინდა საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება მოხალისეობრივ თემაზე. კინოკლუბის მეშვეობით, მსურველები ნახავენ სხვადასხვა ფილმებს მოხალისეობრივ საკითხებზე და სადაც იმსჯელებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს და გაიზიარებენ სხვის მოსაზრებასაც”,- განუცხადა Knews.ge-ს სანდრო კვიჟინაძემ.

მისი თქმითვე, საიტი, სადაც მოსწავლეებს ინფორმაციების მიღება, ფილმების არჩევა, გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, მალე დაიწყებს მუშაობას. სანდრო ასევე აცხადებს, რომ პლატფორმის მეშვეობით, გაიყიდება კინოჩვენების ბილეთებიც, რომელიც მინიმალური იქნება.

,,საიტი არ გვაქვს ჯერ გაშვებული. მისი მეშვეობით გავაკეთებთ გამოკითხვებს ფილმებზე და ის ფილმი, რომელსაც მეტი ხმა ექნება, გავა კინოკლუბში და მისი ნახვა მსურველს შეეძლება. ასევე გავყიდით ბილეთებს. სკოლის დირექტორის, თამრიკო ცქიფურიშვილის დახმარებით, მოვახერხეთ
კინოკლუბისთვის საჭირო ფართის მოძიება. ერთდროულად 20 ახალგაზრდის მიღება შეგვიძლია. ეს არის მოხალისეობრივი პროექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,-
განაცხადა სანდრომ.

ახალგაზრდა განმარტავს, რომ ერთი კვირაა რაც პროექტი დაიწყო და ახალგაზრდების დაინტერესება დიდია.

,,საკმაოდ დიდი დაინერესებაა ახალგაზრდების მხრიდან ჩვენი იდეით. ბავშვებს მოსწონთ მეგობრებთან ერთად ფილმების ყურება და იმის განხილვა, თვითონ როგორ მოიქცეოდნენ.

რაც მთავარია, კლუბში ახალგარდებისთვის შექმნილია საინტერესო გარემო ფილმის სასიამოვნოდ და კომფორტულად ყურებისთვის. გარდა ბილეთებისა, ადგილზე ვყიდით სასუსნავებს, რაც დამატებითი შემოსავალია ჩვენთვის.

ახალგაზრდები სამომავლოდ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.