ოლაფ შოლცი – ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც
ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ევროპელი სოციალისტების პარტიის კონგრესზე განაცხადა.
კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის გაფართოების ერთგულია.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძნობს – გამარჯვებაა ყოველი ჩვენგანისთვის”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამავროულად შოლცმა აღნიშნა, რომ კანდიდატმა სახელმწიფოებმა – უკრაინამ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და, მომავალში, საქართველომ გაწევრიანების კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
“ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 27,30, 36 სახელმწიფო შედის, შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი გავლენა მსოფლიოში”, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერის თქმით, შედარებით პატარა წევრი სახელმწიფოების წუხილი უგულვებელყოფილი არ უნდა იყოს.
“მომავალშიც ყოველი ქვეყნის წუხილები უნდა მოვისმინოთ, ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნება”, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერის აზრით, საგარეო და საფინანსო საკითხებში ბლოკირებების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი კონსენსუსის პრინციპიდან ხმათა უმრავლესობის პრინციპზე უნდა გადავიდეს.