სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა, შეიცვალოს
სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტერმინი ახლებურად განიმარტება: –
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი.
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით მტკიცდება.
პროექტით სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით. ცვლილების თანახმად კი, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა მხოლოდ შენახვის უფლებით გაიცემა.
იზრდება საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) უფლებები იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხით. კერძოდ, მათ ეძლევათ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მათი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენის უფლება. ამასთან, ისინი არ საჭიროებენ შეძენის ნებართვას, თუმცა მათზე რეგისტრაციის ვალდებულება ვრცელდება. იარაღის რეგისტრაციისას იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა თითოეულ იარაღზე გაიცემა.
გარდა ფედერაციისა, ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება ეძლევა დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსაც. აღნიშნულ პირებზეც ვრცელდება იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება.
დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესები და სროლის პოზიციები დგინდება შესაბამისი ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შეძენილი იარაღის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას ახორციელებს მომსახურების სააგენტო. იარაღის რეგისტრაციის წესი და სარეგისტრაციო მოწმობის ვადები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
გარდა იარაღის შეძენისა, ფედერაცია და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე უფლებამოსილია სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოდან გაიტანოს (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) და საქართველოში შემოიტანოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
რაც შეეხება პნევმატურ იარაღს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ნებართვას არ საჭიროებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.