თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ალავერდში დაგეგმილი ,,ყველის ზეიმი” გადაიდო
თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, სოფელ ალავერდში დაგეგმილი ,,ყველის ზეიმი” გადაიდო.
ზეიმი 15 ოქტომბერს, სოფელ ალავერდში, 12 საათიდან 16 საათამდე, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ყველის ზეიმი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ფესტივალის ორგანიზატორია „ბრიჯ–ინოვაცია განვითარებისთვის“ და წარმოადგენს პროექტის: „ხარისხიანი ყველის ღირებულების ჯაჭვისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მხარდაჭერა“ ნაწილს და თანადაფინანსებულია პოლონეთს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, კახეთის რეგიონში, ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი და ასევე ყველა სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადაიდო.
გუშინ, თბილისში, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. მისი დახმარება ორმა მეგობარმა სცადა, თუმცა ისინიც დაშავდნენ. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ორი ბავშვი მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ. ექიმებმა მესამე არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოახერხეს.