დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე გურჯაანშიც შეძლებენ
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაფართოვდა – დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში მოხდება – კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში, ენდოკრინოლოგის მიერ ბენეფიციარების ადგილზე მომსახურება მოხდება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.
უწყების ინფორმაციით, ბავშვთა ენდოკრინოლოგები ძირითადად დასაქმებულნი არიან დიდ ქალაქებში, რის გამოც რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ექიმთან კონსულტაციისთვის საქალაქთაშორისო გადაადგილება უწევთ. სერვისის ჰიბრიდულ რეჟიმში მიწოდება კი შესაძლებლობას აძლევს პაციენტს სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურება, ადგილზევე, თავის რეგიონში მიიღოს. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული სერვისი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
გლუკომეტრი;
სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ ისისხლით;
დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გურჯაანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში:
გურჯაანი:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35