თელავში 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
თელავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ,დაკავებული მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს”,– აღნიშნულია ინფორმაციაში.