ახალი ამბები

მომხმარებლებს ქარხნული წუნის მქონე ტექნიკის დაბრუნებისთვის 6 თვე ექნებათ

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში ნივთის შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქცია 6 თვეში უკან დააბრუნოს, მტკიცების ტვირთი კი მაღაზიას ეკისრება.

აღნიშნულ ცვლილებას “მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ” კანონი ითვალისწინებს.

“თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება”,- აღნიშნულია “მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ” კანონის მე-20 მუხლში.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება. ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესის აზრი ორადაა გაყოფილი. კერძო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი დროულია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის შესაძლოა, ეს დიდ ტვირთად იქცეს და კანონის აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას.ცნობისთვის, “მომხმარებელთა უფლებათა დაცვის შესახებ” კანონი 1 ივნისს ამოქმედდა, აღსრულება კი 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება.