ახალი ამბები

რუსეთიდან იმაზე მეტი გაიქცა, ვიდრე პუტინის არმიას შეუერთდა – Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე არმიაში ჩაეწერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 21 სექტემბერს პუტინის ბრძანების გამოცემის შემდეგ, ჯარში 200 000-ზე მეტი ადამიანი გაიწვიეს.

ამავე პერიოდში ამდენივე რუსი მხოლოდ ყაზახეთში შევიდა. 30 სექტემბრის მონაცემებით, თითქმის 69 000 რუსი შემოვიდა საქართველოში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვართან მანქანების უზარმაზარი რიგი დადგა. ევროკავშირმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 25 სექტემბრამდე კვირაში ბლოკში 66,000 რუსი შევიდა. მათი უმეტესობა ევროკავშირში მოხვდა ფინეთის გავლით, რომელმაც გაზრდილი ნაკადის გამო, პარასკევს რუსი ტურისტების შესვლა შეზღუდა.

მონღოლეთში 2 ოქტომბრისთვის 12000-ზე მეტი რუსი შევიდა. სხვა პოპულარულ მიმართულებებში შედის თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც რუსებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა. ამ ქვეყნებს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსების შესვლის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებიათ. მობილიზაციის ბრძანების შემდეგ რუსეთიდან გასული ყველა პირი გაწვევას არ ექვემდებარება, მაგრამ გაურკვევლობის ფონზე, ბევრმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც შოიგუმ განაცხადა, რომ ცხადდებოდა 300,000 რეზერვისტის მობილიზაცია, გავრცელდა ცნობები ისეთი მამაკაცების გაწვევის შესახებ, რომლებიც სამხედრო სამსახურისგან ოფიციალურად გათავისუფლებულნი იყვნენ.

სოციალურ მედიაში ასევე გავრცელდა ზოგიერთი წვევამდელის პრეტენზიები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების, მოუმზადებლობისა და აღჭურვილობის ნაკლებობის შესახებ. ამის შემდეგ პუტინმა 29 სექტემბერს უშიშროების საბჭოზე თქვა, რომ შეცდომებს გამოასწორებდნენ და აღარ გაიმეორებდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნარიმან გიზიტდინოვი და ჰელენა ბედველი