ახალი ამბები

თელავის საკრებულომ ცხოველების მოვლის და პოპულაციის მართვის წესი დაამტკიცა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი დაამტკიცა.

დადგენილების მიღების ინიციატორია ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილი.

მან საკრებულოს სხდომაზე ვრცლად ისაუბრა წესის მიღების მიზნებზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნას.
„ამ მიდგომის თანმიმდევრული განხორციელებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, თელავის მუნიციპალიტეტში დაცული იქნება ადამიანის და ძაღლების უსაფრთხო თანაცხოვრების უფლებები“, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მივიღეთ წესი, რომელიც ცხოველთა პოპულაციის მართვას ითვალისწინებს. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ამ გლობალური გამოწვევის დასაძლევად და ცხოველთა და ადამიანთა უსაფრთხო თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად. საკითხი საკმაოდ რთულია და იქნება ბევრი გამოწვევა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრი იქნება ერთსულოვანი, რომ ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და საბოლოოდ გადაიჭრას ეს ძალიან სერიოზული პრობლემა“, – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.