ახმეტაში სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“ გაიმართება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს, 14:00 საათზე – ახმეტის ტყე-პარკში „წყაროები“ გაიმართება სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“.
უწყებაში განმარტავენ, რომ ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუკეთოს ახმეტის ეთნოგრაფიულ და განსტრონომიულ მრავალფეროვნებას.
,,ფესტივალზე დამზადდება სხვადასხვა სახეობის, ფორმისა და გულსართის ხინკალი ხორცის (საქონელი, ღორი, ცხვარი), ყველი, ხაჭოს, დამბალხაჭოს, ჭინჭრის, სოკოს, კარტოფილის და ა.შ. ფესტივალი დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი და კულტურული აქტივობებით. ღონისძიებაში ჩართულნი იქნებიან ახმეტაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
ასევე გაიმართება მათი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია. სტუმრებს შეუძლიათ ჩაერთონ მრავალ სპორტულ აქტივობაში, გასართობ და სამაგიდო თამაშებში, ხატვის და თიხის მასტერკლასში. ასევე გვექნება ღვინით ხატვის მასტერკლასი მოსული სტუმრებისთვის. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე იქნება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებას დაასრულებენ ჯგუფი „იბერია“ და გიგა პაპასკირი”,– აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.