ახალი ამბები

პოლონეთი და საქართველო ავტოინდუსტრიის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველოთი პოლონური კომპანიები ინტერესდებიან – ინტერესი იზრდება როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით, ამავდროულად იზრდება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც.

კოსმეტიკა, ფარმაცია, რძის პროდუქტები, სამშენებლო სექტორი – ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებშიც პოლონური კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს დებენ. თავის მხრივ, ქართული კომპანიები პოლონურ ბაზარზე, უმეტესად, ღვინის სექტორში არიან წარმოდგენილი. უახლოეს პერიოდში კი, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება საავტომობილო ბიზნესში იგეგმება. ავტოინდუსტრიაში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება ღონისძიებაზე, რომელიც პოლონეთის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან პარტნიორობით იმართება. ღონისიების მიზანია ქართულ და პოლონურ წამყვან კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და წახალისება.

„პოლონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები განვითარების აქტიურ ფაზაშია. ამჯერად, ჩვენი მთავარი მიზანია, გადავცეთ ქართულ კომპანიებს ინფორმაცია, რომ პოლონეთში ავტოინდუსტრია არის ძალიან მძლავრი. მათ შორის: ავტომობილების, ელექტრომობილების, ელექტროდამტენი ინფრასტრუქტურის წარმოების მიმართულებით, სარკინიგზო მიმართლებით. გვინდა, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ქართულ კომპანიებს”, – განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

საავტომობილო ინდუსტრიაში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა ალექსი ნონიაძემაც, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ავტომობილების საიმპორტო ქვეყნების სიაში პოლონეთი ხუთეულში არ შედის, თუმცა ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც ევროკავშირიდან შემოგყვავს ავტომობილები იმპორტით.

„სადღაც, წლიურად იმპორტით შემოდის 6-8 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები პოლონეთიდან. როგორც ვხედავ პოლონეთის მხარის დაინტერესება ის არის, რომ ეს რესურსი რომელიც არსებობს, გავზარდოთ“, – ამბობს ალექსი ნონიაძე.

პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, გვანცა გრიგალაშვილმა კი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებშიც ორ ქვეყანას უკვე აქვს თანამშრომლობა. მისი თქმით, პოლონური კომპანიები ქართულ ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილები სამშენებლო სექტორში, ფარმაცევტულ სფეროში, კოსმეტიკის მიმართულებით, რძის პროდუქტებში და სხვა… საინვესტიციოდ მიმზიდველი სექტორების სია კი, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო გაიზრდება.