ახალი ამბები

ყვარელში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა და გაფართოვდა

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, კიდევ ერთი ბიზნესსაქმიანობის განვითარება დააფინანსა.

ბანკის მხარდაჭერითა და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით, ყვარელში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა და გაფართოვდა.

„ისევ ყვარელი“ ვიზიტორებს კომფორტულ დასვენებას, სასიამოვნო და თანამედროვე გარემოში განტვირთვას, ადგილობრივი ტრადიციების გაცნობას, კულინარიულ მასტერკლასებს, წვეულებების მოწყობას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს და სხვა მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობს. სასტუმრო ბიზნესს 54 წლის მეწარმე ეკატერინე თოდაძე უძღვება.

ეკატერინე ერთ-ერთი იყო იმ ადგილობრივებს შორის, რომლებიც წლების წინ ყვარელში სტუმარმასპინძლობის ბიზნესით დაინტერესდნენ და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგეს. ვიზიტორების მისაღებად, ეკატერინემ სახლში, სადაც ცხოვრობდა, ჯერ 2 ოთახი გამოყო, თუმცა, დროსთან ერთად, ახალბედა ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვა.

„გარდა იმისა, რომ სახლი და ეზო საშუალებას მაძლევდა, მინდოდა, სტუმართმოყვარეობის ტრადიცია შემოსავლის მომტან საქმიანობად მექცია. იდეის განხორციელებაში ოჯახის ყველა წევრი ჩაერთო და დღესაც ეს თითოეული ჩვენგანისთვის სასიამოვნო პროცესია“, – იხსენებს ეკატერინე.

მომსახურებები კიდევ უფრო რომ გაემრავალფეროვნებინა, ეკატერინემ აუზი მოაწყო, მამაპაპისეული მარანი, უძველესი ქვევრები, საწნახელი და სათონე განაახლა და ადგილობრივი კერძების მომზადებაში სტუმრებისთვის მასტერკლასების მოწყობა დაიწყო. ოთახებთან ერთად, სასტუმრო ვიზიტორებს კოტეჯების ქირაობას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებულ, უგემრიელეს კერძებსა და თაფლს, ადგილობრივ მარანში დაწურული ღვინოებისა და არყის დაგემოვნებას სთავაზობს. სტუმრებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ხილისა თუ ბოსტნეულის კრეფაში, საკუთარი ხელით მოახვიონ ხინკალი, გამოაცხონ პური და ხაჭაპური, შეწვან მწვადი, გამოხადონ არაყი, ამოავლონ ჩურჩხელა, მოამზადონ ტყლაპი და ჩირი, დაისვენონ ჰამაკებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით მოწყობილ ულამაზეს ეზოში, დაათვალიერონ ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

2 ოთახით დაწყებული „ისევ ყვარელი“ ამჟამად უკვე 9 კომფორტულ ნომერს აერთიანებს და ერთდროულად 20-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. სასტუმროს გაფართოებისთვის ეკატერინე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აგროტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთო, შეღავათიანი კრედიტი კი ტერაბანკისგან აიღო. პროგრამის ფარგლებში, მან ქეშბექის სახით თანხის 20% მიიღო. ამას გარდა, სახელმწიფო მისი სესხის პროცენტსაც ასუბსიდირებს.

„ტერაბანკის მხარდაჭერით, მოკლე დროში 10 ადამიანზე გათვლილი შენობა ავაშენე და გავმართე. ახალ სეზონსაც მომზადებული შევხვდი, რამაც შემოსავალი მნიშვნელოვნად გამიზარდა“, – აღნიშნავს ეკატერინე.

მეწარმე განვითარებას კვლავაც აგრძელებს: მალე კოტეჯისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი რესტორნის მშენებლობას დაასრულებს, მომავალი სეზონისთვის კი მამაპაპისეულ ვენახში ვიზიტორების მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ პროექტების განხორციელებაშიც ტერაბანკის ხელშეწყობის იმედი აქვს.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს სხვადასხვა კუთხით ეხმარება. მათ შორისაა როგორც ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი, მოქნილი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, ისე საქმიანობების განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით, ტერაბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებიც ბიზნესებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებასა და გირაოს მხარდაჭერას გულისხმობს.