ერთწლოვანი კულტურების მოყვანისთვის ₾148 მილიონის სუბსიდირებული სესხი გაიცა
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის, 9 713 სესხია გაცემული.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სესხის პროცენტს ასუბსიდირებს. კერძოდ, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
პროექტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).