ახალი ამბები

საზოგადოებრივ სამუშაოებზე უკვე დასაქმებულია 23 ათასი მოქალაქე – აზარაშვილი

20 სექტემბრის მონაცემებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულია 23 ათასი მოქალაქე, – ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში გააჟღერა, სადაც ის დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით, სწორედ აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისთვის დაიბარეს.

„დასაქმებულთაგან 100-ზე მეტს სხვადასხვა მიზეზით უკვე შეუწყდა ხელშეკრულება“, – თქვა აზარაშვილმა.

დეპუტატის კითხვაზე, რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში, მინისტრი პასუხობს:

„საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით“.