მაკა მოსიაშვილი- როგორც მოქალაქეს, თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება შემეზღუდა
სამოქალაქო აქტივისტის და ჟურნალისტის მაკა მოსიაშვილის ინფორმაციით, მას როგორც მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის და საკრებულოს ბიუროს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდა.
მაკა მოსიაშვილის თქმით, ის საჯარო სხდომაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა დაცვის პოლიციამ არ შეუშვა. მიზეზად კი განუმარტეს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება ბიუროზე მოქალაქეების დაშვების.
,,27 წუთის განმავლობაში ვიდექი დაბლა და ველოდებოდი შეშვებას. ჩემი დიდი მცდელობის შემდეგ, ისეთ დროს ავედი, რომ ბიუროს სხდომა, სადაც დასწრებას ვაპირებდი დასრულებული იყო. სამწუხაროდ გუშინ ჩემი როგორც მოქალაქის უფლება დაირღვა”,– განაცხადა მაკა მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლებას თვითმმართველობის კოდექსი აძლევს, ასეთი ფაქტები კი ხელს უშლის თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მოქალაქეების გააქტიურებას.
,,საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი ჩვენ, მოქალაქეებს გვაძლევს უფლებას, რომ შეუზღუდავად შევძლოთ საკრებულოში საჯარო სხდომებზე დასწრება. შესაბამისად გვქავს ორი არჩვენი ან პატივს ვცემთ და ვასრულებთ კანონს მოქალაქეებისთვის, ან ვაღიარებთ რომ თვითმმართველობა ამ ბერკეტით შორდება მოქალაქეებს”,- განუცხადა knews.ge-ს მაკა მოსიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი knews.ge-სთან აცხადებს, რომ საკრებულოს, ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეუზღუდავად შეუძლია დასწრება. მისი თქმით, საკრებულოს არცერთი მოქალაქისთვის ეს უფლება არასდროს არ შეუზღუდავს.
“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეუზღუდავად შეუძლია დასწრება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეების საშვებით დაშვების საკითხს, ამ პროექტის მთავარი მიზანია, როგორც ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე პერსონალისთვის, ისე მოსული მოქალაქეებისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი გარემოს შექმნა”, – აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განმარტავენ, რომ ამ დროისთვის შენობაში სპეციალური საშვებით შესვლის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა ამ კუთხით სიახლეების განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება.