სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2023 წლის ზაფხულში დასრულდება- ფოტო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, რამოლა ნაიკ სინგრუმ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ, ზურაბ უტიაშვილთან ერთად, სოფელ ველისციხის ურბანულის განახლების სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
,,სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის (Livable cities) ფარგლებში მიმდინარეობს.აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში, პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ველისციხის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია მათ შორის და მისი დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, გაჩნდება ახალი და საინტერესო მიზიდულობის ცენტრი. ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება”,- აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.