ახალი ამბები

EU-ს 12 პუნქტის შესასრულებლად ყველა ინიციატივას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წარმოვადგენთ – პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საქმიანობა დეტალურად გაშუქდეს და მივიდეს მოსახლეობამდე – სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებიდან გამომდინარე, იქნება საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია და შესაბამისად, იქნება ბევრი მსჯელობა, რომელიც მნიშვნელოვანია, სწორად მივიდეს მოსახლეობამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის გეგმებსა და მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა.

„მიმდინარე კვირაც საკმაოდ დატვირთული იქნება და დიდი ალბათობით, სხდომები პარასკევის ჩათვლით გაიმართება. ამ კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ, მათ შორის: კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშს, კონკურენციის სააგენტოს წლიურ ანგარიშს, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიურს ანგარიში, ასევე, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური დისკუსიები გველის. გარდა ამისა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უკვე ინიცირებულია კანონპროექტები. რამდენიმე კვირის წინ უკვე მოხდა კანონპროექტის ინიცირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეტად ასახვის მიმართულებით და განვიხილავთ ამ კანონპროექტსაც. ამას გარდა, ინიცირებული იქნა ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელსაც, ასევე მიმდინარე სასესიო კვირას განვიხილავთ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ევრო გადახდის სისტემასთან მიერთებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი – ესეც ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ნაწილია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის ნაწილის გეგმებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთვებიან.

„იცით, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, რომელიც პარლამენტს აქვს ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოხდება უკვე ყველა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენა და შემდეგ ნოემბერ-დეკემბრამდე, უკვე მესამე მოსმენით, ამ გრაფიკის მიხედვით კანონპროექტების მიღება.

ოპოზიციის ნაწილის გეგმებს რაც შეეხება, მინდა ვისურვო, რომ მართალია, ისინი არ ჩაერთვნენ საპარლამენტო საქმიანობაში, როდესაც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ საკომიტეტო მუშაობაში მაინც ჩაერთვებიან. თუ აქვთ წინადადებები და იდეები, შეუძლიათ საკომიტეტო განხილვის ფორმატშიც წარმოადგინონ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.