ახალი ამბები

მთავრობამ 2022-2026 წლებისთვის გარემოს დაცვის პროგრამის შესახებ განკარგულების პროექტი მიიღო

საქართველოს მთავრობამ „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი მიიღო.

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის” შემუშავება განპირობებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის გარემოს დაცვის კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ქვეყანაში გარემოს მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ქვემდებარე უწყებები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაიმართა თემატური საჯარო განხილვები, სადაც ჩართული იყვნენ ყველა დაინტერესებული პირი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა“ მოიცავს წყლის რესურსების დაცვას, შავი ზღვისა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის ხელშეწყობას, ატმოსფერული ჰაერის, მიწის რესურსების, ნარჩენების მართვას, ტყის მართვას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების დაცვას, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი განათლების მდგრად განვითარებას.

თითოეულ პრიორიტეტთან მიმართებით გათვალისწინებულია არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო, გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამითა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ქმედებები. ზოგადად, გატარებული რეფორმები და ბოლო პერიოდის მიღწევები.
პროგრამით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად გათვალისწინებულია დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიღებული თანხები.

პროექტის განხორციელების ვადა მოიცავს 2022-2026 წლებს.