სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.
როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს.
გავრცელების საფრთხე მოხსნილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.