ახალი ამბები

მეხუზლა- გეგმაშია სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოვიდეს და ყურძნის ბაზარი თვითრეგულირებადი გახდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, გეგმაშია სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოვიდეს და ყურძნის ბაზარი თვითრეგულირებადი გახდეს.

მეხუზლას შეფასებით, ფერმერებს აქვთ მოლოდინი, რომ მიუხედავად ხარისხისა, ყურძნის ჩაბარებას მაინც შეძლებენ.

მეხუზლას განცხადებით, მომავალ წელს ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განიხილება და გეგმაშია ისიც, რომ სახელმწიფო სუბსიდირებიდან საერთოდ გამოვიდეს, ყურძნის ბაზარი კი სრულიად თვითკმარი და თვითრეგულირებადი გახდეს.

„სახელმწიფოს ჩარევა თავისუფალ ბაზარზე ცვლის გარკვეულწილად თამაშის წესებს. პროგრამის შედეგად ფერმერებში მოლოდინია, რომ მიუხედავად ხარისხისა, ყურძენს მაინც ჩააბარებენ. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც და მომავალ წელს გარკვეული ცვლილებები გვექნება. გეგმაშია ისიც, რომ სახელმწიფო სუბსიდირებიდან საერთოდ გამოვიდეს და ყურძნის ბაზარი თვითკმარი და თვითრეგულირებადი გახდეს“, – ამბობს ლევან მეხუზლა bm.ge-სთან საუბრისას

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში წელს 250 000 – 300 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავალის უმეტესობა, 200 000 ტონამდე, თეთრი ყურძენი იქნება, 100 000 ტონა კი წითელი. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წითელი ყურძნის რეალიზაცია თავისუფალ ბაზარზე მოხდება, თეთრი ყურძნის კომპონენტში კი შარშანელი მოდელი განმეორდება, რაც იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არანაკლებ 90 თეთრისა გადაუხდიან, თეთრი ყურძნის 35 თეთრით სუბსიდირებას გულისხმობს.

2022 წელს რთველის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარი დაიხარჯება.