პროკურატურამ გურჯაანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, მ.ჩ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა ლ.ი.- ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ.ი. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.