ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის პირველ, 13.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
,,ფშაველი-ომალოს გზის პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
თუშეთის გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.