ახალი ამბები

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 660 ათასს გადააჭარბა

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივნისში საარსებო შემწეობას 661 061 ადამიანი იღებდა, ეს კი 105 404-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 555 657 ადამიანი იყო.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 69 456-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2021 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 054 567 ადამიანი, 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 1 124 023-მდე გაიზარდა. აქ მატება 6,5%-ია.