ახალი ამბები

საიამ კაჭრეთში სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთი საქმე წარადგინა, რომელშიც იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა.

საქმე შეეხება 2019 წლის 15 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და აღნიშნულის შედეგად გარდაცვალებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული და, ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 2019 წლის 22 მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ. გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე, პოლიციის თანამშრომლები ზვიადს უხეშად მიმართავდნენ. პოლიციელებმა მთავრიშვილი თელავის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

,,სახლში დაბრუნებისას, ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები. ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები. 2019 წლის 1 აპრილს იგი გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაესვა დიაგნოზი – ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა. იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი ქ. თბილისში, ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.“ 2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ კომაში ჩავარდნამდე, ზვიად მთავრიშვილმა მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ, ასევე, უამბო მის მეზობლებსა და ნათესავებს”,- აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საიაში განმარტავენ, რომ ისინი ჯერ კიდევ 2019 წლის 19 აპრილს მოუწოდებდა საქართველოს პროკურატურას საქმეზე ეწარმოებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, ხაზს უსვამდა საქმის სათანადო კვალიფიკაციით წარმართვის საჭიროებას და ამ პროცესში გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ჩართულობის მნიშვნელობას.

,,ამის მიუხედავად, კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით იძიებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ მთავრიშვილის მიმართ ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც, შედეგად, ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ცხადია, დანაშაულის ეს შემადგენლობა, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

აღსანიშნავია, რომ ზვიად მთავრიშვილის დას დაზარალებულის სტატუსი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა. მან დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში, საიას სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შედეგად მოიპოვა, რის შემდეგაც პროკურატურა ვალდებული გახდა, მისთვის მიენიჭებინა აღნიშნული. დაზარალებულის სტატუსის გარეშე ის ვერ სარგებლობდა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობით, რაც მას ართმევდა შესაძლებლობას, მიეღო საგამოძიებო პროცესის შესახებ სრულყოფილ ინფორმაცია.”

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, და, საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ნაკლოვანებების შესახებ გენერალური პროკურატურის ინფორმირებისა, დღემდე, დაზარალებულის უფლებამონაცვლის წერილები/განცხადებები/შუამდგომლობები უმეტესწილად რჩება უპასუხოდ, ხოლო, რიგ შემთხვევებში, მათზე პასუხი შაბლონურია, და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას. დამატებით, აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, კი მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება.

,,საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ საჩივარში დასაბუთებულია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს”,- აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.