ომბუდსმენი მთავრობას უფასო სასადილოებში მინიმალური სტანდარტების შემუშავების რეკომენდაციას აძლევს
სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას ქვეყნის მასშტაბით უფასო სასადილოებში მინიმალური სტანდარტების შემუშავების რეკომენდაციას აძლევს.
ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ უფასო სასადილოების ანგარიშშია ნათქვამი.
სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელა.
ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე, ომბუდსმენი მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
„იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება უზრუნველყოს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები.
ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები“, – ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნია, რომ მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.